ბელთაძე  მურმან  გიორგის  ძე
ბელთაძე  მურმან  გიორგის  ძე

ბელთაძე  მურმან  გიორგის  ძე  (10.VIII.1931-06.III.2005, თბილისი), თურქოლოგი. სწავლობდა თბილ. 46-ე  საშ., შემდეგ  პირველ სკოლაში (1938). დაამთავრა  ვანის რ-ნის  სოფ. ისრითის საშ. სკოლა (1950). სწავლა განაგრძო თსუ-ის  აღმოსავლეთმცოდნეობის  ფაკ-ტის თურქ. განყ-ბაზე (1950-1955). მუშაობდა:  მცხეთის  ტურისტულ ბაზაში  ექსკურსიამძღოლად (1956); სახელმწ.  ცენტრ.  არქივში  უფრ.  მეცნიერ-თანამშრომლად (1957-1960). იყო თსუ-ის თურქ. კათედრის ასპირანტი (ხელმძღვ. აკად.  ს. ჯიქია, 1960-1963). ბ. მ.–ს სამეცნ. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ძვ.  თურქ. და ოქმალური დამწერლობის  ძეგლების ენა. მისი სადისერტაციო  თემა იყო „ქართული ანბანით  დაწერილი თურქულენოვანი  ძეგლები“.  მუშაობდა: თსუ-ის თურქ. ფილოლოგიის კათედრაზე პედაგოგად (1963 -2005); ქართ. და თურქულენოვან გაზ.  „ხიდში“ (1990); ჟურნ. „ახალი ხიდის“ რედკოლეგიაში (2001-2005). საინტერესოა მისი კვლევები: სიტყვა  „მანათზე“ და თურქულენოვანი მე-18 ს.–ის თურქ. ოთხთავზე, რ-იც დაწერილია ქართ.-მხედრული ანბანით (1739) და ეკუთვნის იოანე  ბატონიშვილს (დედანი ინახება ზუგდიდის  მუზეუმში). ენის ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელოვანია ბ. მ.-ს მიერ გამოქვეყნებული შრომები: „მე-18 ს. თურქულენოვანი  ძეგლი  ქართული ტრანსკრიფციით“ (თსუ-ის  შრომები, 1967, №121); "ნათურქალის" გაგებისათვის "ვეფხისტყაოსანში" (საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, 1973, №2); „ჰურიეთის ფურცლებზე“ (საქართვ. რესპუბლიკა, 1998, №185). თსუ-ში იყო სათარჯიმნო პრაქტიკის ხელმძღვ. და ნაშრომთა რეცენზენტი.